რედაქტორის წინასიტყვაობა (Issue III)
სტუდენტური ჟურნალის მესამე ნომერში გაერთიანებულია 9 სტატია და 1 თარგმანი.
აისელ ისმაილოვას სტატია „ემოციების გავლენა კოდების გადართვაზე“ საინტერესოდ წარმოგვიჩენს თუ როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ემოციებს კოდების გადართვაზე ბილინგვურ და მულტილინგვურ განათლებაში. ავტორის მიერ ჩატარებული კვლევა გვთავაზობს საინტერესო შედეგებს და ხაზს უსვამს მჭიდრო კავშირს ძლიერ ემოციებსა და კოდების გადართვას შორის.
გენდერული საკითხების საინტერესოდაა წარმოჩენილი მარიამ დოდაშვილისა და ანნა ბარათელის სტატიაში „გენდერული სტერეოტიპების ლინგვისტური ანალიზი შარლოტ პერკინს გილმანის მოთხრობაში ,,ყვითელი შპალერი““. შერჩეულ ნაწყვეტებზე დაყრდნობით, გაანალიზებულია მოდალობა, სხვადასხვა ლექსიკური ერთეული, გადარმავლობის მაგალითები, ჰეჯინგი და თხრობითი სტრუქტურა. ავტორები აღნიშნავენ, რომ გილმანის თხრობის მანერა არა მხოლოდ ,,ირეკლავს იმ შეზღუდვებს, რომლებიც დაწესებულია ქალებისთვის პატრიარქალურ საზოგადოებაში“, არამედ გვიჩვენებს თუ როგორ ღრმად არის ჩამჯდარი გენდერული სტერეოტიპები ტექსტის ლინგვისტურ სტრუქტურაში.
აღსანიშნავია ლანა გიორგაძის კვლევა „სლენგი და კოდის გადართვა, როგორც თაობათაშორისი პრაქტიკა: ჯენ Z და ჯენალფა თაობათა კვლევა საქართველოში“, რომლის ძირითადი მიზანია გამოიკვლიოს ინგლისური სლენგისა და კოდური გადართვის სიხშირე და ნიმუშები თანამედროვე ქართველი ახალგაზრდობის კომუნიკაციაში. სტატიაში წარმოდგენილია მონაცემთა რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზი. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სლენგი და კოდების გადართვა არ წარმოადგენს შემთხვევით ფენომენს, პირიქით, მათი გამოყენება ახალგაზრდებს ეხმარება საკომუნიკაციო წრეებში ეფექტურად ადაპტირებასა და ციფრულ გარემოში თვითიდენტობის ჩამოყალიბებაში.
კვლევაში „ქებისა და წახალისების როლი ინგლისური ენის ლეგიტიმური გამოყენების ჩამოყალიბებაში: საქართველოში ინგლისური ენის ონლაინ სწავლების მაგალითზე“ ნინო პაპუნაშვილი საინტერესოდ წარმოგვიჩენს ენის შემსწავლელთა შორის არსებულ ორ განსხვავებულ დამოკიდებულებას ქების მიმართ. ერთი მხრივ, შემსწავლელთა ნაწილი ქებას აღიქვამს როგორც მოტივაციის გამაძლიერებელ ფაქტორად, ხოლო მეორე მხრივ, ზოგიერთი შემსწავლელი კონკრეტული მითითებების გარეშე მიღებულ ქებას ბუნდოვნად მიიჩნევს. კვლევის შედეგების მიხედვით, ონლაინ სწავლების პროცესში ქება უნდა ეფუძნებოდეს დაბალანსებულ მიდგომას, რომელიც აერთიანებს ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა ემოციური მხარდაჭერა და მკაფიოდ ჩამოყალიბებული პედაგოგიური მიზნები.
ანი ფარასტაშვილი სტატიაში „ემოციათა ცნება ქართულ ლექსიკოგრაფიაში: გამოწვევები და მიდგომები“ შეისწავლის ლექსიკონებში ემოციების განმარტების სირთულეებს. ნაშრომში გაანალიზებულია რვა სალექსიკონო ერთეული: ბედნიერება, სევდა, შიში, ბრაზი, გაკვირვება, ზიზღი, სიყვარული და სიძულვილი, რომელიც აღებულია არნოლდ ჩიქობავას რედაქტორობით გამოცემული ,,ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონიდან“. ანალიზის შედეგად დადგინა, რომ ლექსიკონში გამოყენებულია მოქნილი განმარტებითი სტრატეგიები. თითოეული განმარტება ერგება ემოციის სემანტიკურ თავისებურებებს, ხშირად გამოიყენება სინონიმები, ინტენსივობის მარკერები, გამომწვევი მიზეზები, ლიტერატურული მაგალითები და ფრაზეოლოგიური ერთეულები. ინგლისურ ლექსიკონებთან შედარებით, ავტორი ავლენს თანხვედრასა და განსხვავებს აღნიშნული ლექსიკური ერთეულების სიტყვა-სტატიებს შორის.
სტატიაში ,,ვის ეშინია დიდი, რუხი მგლის?: სიკვდილის საჯაროობა და თატრალიზაცია XIX საუკუნის ანგლო-ამერიკულ პროზაში.“, ლუკა ფოჩხიძე იკვლევს სიკვდილის ასახვის თავისებურებებს მეცხრამეტე საუკუნის ანგლო-ამერიკულ პროზაში. კვლევა ფოკუსირდება ნათანიელ ჰოტორნის „ალისფერ დამღაზე“, ჰერმან მელვილის „მობი დიკსა“ და ჯეიმს ფენიმორ კუპერის „უკანასკნელ მოჰიკანზე“. ავტორის აზრით, ეშაფოტი, ოკეანე და ველური ბუნება „გვევლინება სპეციფიკურ თეატრალურ სცენებად საბოლოო ეგზისტენციალური მხილებისთვის“.
სტატიაში ,,დამწვარი გულის“ როგორც ეროვნული და მორალური ალეგორიის შედარებითი სტილისტური ანალიზი ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურაში ,,გული“ და მის ინგლისურ თარგმანში“ ანნა ბარათელი წარმოაჩენს თუ როგორ უწყობს ხელს ლინგვისტური, სტილისტური და სტრუქტურული ხერხები ალეგორიული მნიშვნელობის შექმნას. ანალიზი აჩვენებს, რომ ლორთქიფანიძის მინიატურა მოიცავს ზოგადსაკაცობრიო გულისტკივილსა და ფასეულობებს.
ლიზა ხასაია სტატიაში ,,როგორ იყენებენ საქართველოში მასწავლებლები ენას მოსწავლეთა წასახალისებლად ონლაინ ენის გაკვეთილებზე: უკუკავშირის, დისკურსისა და მონაწილეობის სიღრმისეული ანალიზი“ საინტერესოდ წარმოგვიჩენს თუ როგორ მოქმედებს მაკორექტირებელი და წამახალისებელი უკუკავშირი, ასევე, მიზანმიმართულად დასმული კითხვები სტუდენტების მოტივაციასა და მონაწილეობაზე.
მესამე ნომერში გამოქვეყნებულია ლიკა გურულის თარგმანი ზღაპრისა ,,რაპუნცელი“.
ნატო ფერაძე,
სტუდენტური ჟურნალის რედაქტორი