რედაქტორის წინასიტყვაობა (Issue II)

სტუდენტური ჟურნალი „ფილოლოგია“ მეორე ნომერში აერთიანებს 8 სტატიას ენათმეცნიერებისა და ლიტერატურის მიმართულებით და ერთ ლიტერატურულ ჩანხატს.

ნინო პაპუნაშვილის სტატიაში „ერთენოვან ლექსიკონებში ასახული გენდერული მიკერძოება და მისი ცვლილება დროთა განმავლობაში“ საინტერესოდ არის გადმოცემულია გენდერთან არსებული დამოკიდებულებები და მათი ასახვა სიტყვათა განმარტებებსა და მაგალითებში. კვლევაში წარმოდგენილია საფუძვლიანი ანალიზი, რომელიც ხაზს უსვამს კულტურის, საზოგადოებაში არსებული ნორმებისა და ლექსიკოგრაფიის როლს გენდერულად მარკირებული ცნებების აღქმის ჩამოყალიბებაში.

აღსანიშნავია მარიამ იორამიშვილის კვლევაც გენდერულ რეკლამებთან დაკავშირებით. სტატია „ენის გამოყენება გენდერული რეკლამების შესაქმნელად“ წარმოგვიჩენს გენდერულ რეკლამებში არსებული ვიზუალური და ვერბალური ინფორმაციის სიღრმისეულ ანალიზს. ავტორი გვიჩვენებს თუ როგორ გამოიყენება  ენობრივი საშუალებები სარეკლამო კომპანიებში სტერეოტიპების შესაქმნელად და წარმოსაჩენად.

ანნა ბარათელის ნაშრომში „ვაჟა-ფშაველას ,,კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმის“ სტილისტური ხერხების შედარებითი ანალიზი ინგლისურ და ქართულ ენებს შორის“ წარმოდგენილია სტილისტური ხერხების შეპირისპირებითი ანალიზი. ავტორი საინტერესოდ განიხილავს რამდენად არის  შენარჩუნებული მხატვრული ხერხები თარგმანში, ყურადღებას ამახვილებს იმაზე თუ როგორ შეიძლება შეცვალოს ენამ  თარგმანის სტრუქტურა და შინაარსი.

მარიამ დოდაშვილის ნაშრომში „ინგლისური ზედსართავი სახელის “lazy” და მისი ქართული კორელატის ეტიმოლოგიური და სემანტიკური ანალიზი“ საინტერესოდაა წარმოჩენილი მოცემული სიტყვისა და მისი ქართული შესატყვისის მნიშვნელობები, და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული მსგავსებანი და განსხვავებანი. ავტორი იყენებს ენათმეცნიერებაში არსებულ სხვადასხვა თეორიას, მათ შორისაა: კონცეპტუალურ მეტაფორისა და სემანტიკური ველის თეორიები.

კვლევაში „გენდერული ტერმილოგიის სემანტიკური განვითარება ინგლისურ ლექსიკონებში“ ნინო რევაზაშვილი წარმოგვიდგენს ხუთი ინგლისური გენდერული ტერმინის - თანასწორობა, დისკრიმინაცია, პატრიარქატი, ფემინიზმი და მიზოგინია  - სემანტიკურ ევოლუციას სხვადასხვა ლექსიკონისა და სპეციალიზებული რესურსის მიხედვით. 

მარიამ მერებაშვილის კვლევის საგანს წარმოადგენს მერი შელის ნაწარმოები „მოკვდავი უკვდავი“. სტატიაში „მერი შელის „მოკვდავი უკვდავის“ სტილისტური ანალიზი“ ავტორი სიღრმისეულად განიხილავს სხვადასხვა მხატვრულ ხერხს, მათ რეალიზებას კონკრეტულ მოთხრობაში და როლს გოთიკური ლიტერატურის ჭრილში.

სტატიაში „“Wonder” და „სასწაული“: ეტიმოლოგია და ლინგვოკულტურული პარალელები ინგლისურ და ქართულ ენებში“ ანანო ენდელაძე საინტერესოდ განიხილავს მოცემული ლექსიკური ერთეულების ეტიმოლოგიას, სემანტიკურ ევოლუციასა და გამოყენებას, და მათ შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებებს.  

ცოტნე ღუღუნიშვილის კვლევაში „სიყვარული და ალუზია აირის მერდოკის რომანში „შავი პრინცი““ სიღრმისეულადაა განხილული აირის მერდოკის ფილოსოფია, ილუზიის როლი, იმას თუ როგორ გარდაიქმნება ილუზია ფსიქოლოგიურ და მორალურ მდგომარეობად.

მეორე გამოცემაში წარმოდგენილია ლაშა ჩაჩუას ლიტერატურული ჩანახატი “The Call of the Forest.“

 

ჟურნალის რედაქტორი,

ნატო ფერაძე